აბა, მოიგონე იმ საოცარი სურნელების ორომტრიალი სააღდგომოდ ბებია რომ ატრიალლებდა ხოლმე მთელ სახლში. ჰოდა, ბავშვობის გემოც რომ გაგიღვიძო და ახალ-ახალი საჭირო ამბებიც არ მოგაკლო, ტკბილს გეტყვი და ტკბილადვე გამიგე!
რაკი ასეა, შესაშურად ჩაცმულ-დახურული და ამოსაფუებლად გამზადებული ცომით სავსე უშველებელი ჯამიც კარგად გეხსომება. ოთახში ზედმეტი სითბოს გამო იყო, თუ ბებია-დედიკოების გადამეტებული გულმხურვალების მიზეზით, ზედმეტი სიცხე ცომს ამჟავებდა და გემოს ღირსებასაც უშნოდ ცვლიდა. ახლა, სწორედ ის მინდა გასწავლო, როგორ მიიღო ისეთი ცომი, მალევე მთელ სამეზობლო-სანათესაოში რომ გაუვარდეს სახელიცა და სურნელიც.
შენს პასკას რომ ცივი ნიავი არ მიაკარო და საჭირო გარემო შეუქმნა ერთ ჩინებულ რჩევას გაგიზიარებ, აბა მომხედე!
უმთავრესია ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევდეს. შენ მხოლოდ ცომი ღუმელში მოათავსე, ნიშნული ნულზე დააყენე, ჩართე ზედა და ქვედა წვა, ნათურაც აინთება და პასკისთვის საჭირო ამინდიც სწორედ მის მიერ გამოყოფილი სიმხურვალით დადგება! ცოტად დაელოდე, ცომი მოიწევა და დამიჯერე, ამას მერე შენი მძიმე და ნოტიო პასკის გემო კიდევ მრავალ აღდგომას ემახსოვრებათ.
საერთოდაც, ცომის აფუებისთვის 25–35 გრადუსი ცელსიუსი საუკეთესო ტემპერატურაა. თუ შენს ღუმელში პატარა ჯამით მდუღალე წყალს ჩადგავ და ჰაერის ტენიანობას გაზრდი სააღდგომოდ შენი დესერტი სანუკვარი არომატით გადაგიხდის მადლობას!
მოკლედ გეტყვი და დაიხსომე, იდეალური პასკისთვის სამ ღვთაებრივ საუნჯეს მოუფრთხილდი
- დრო
- ტემპერატურა
- ჰაერის ტენიანობა
ერთსაც გეტყვი და ცხობას გავაგრძელებ
ისიც ხომ გახსოვს პასკის მზაობას მასში ჯოხის ჩარჭობით რომ გამოარკვევდნენ ხოლმე, ჰოდა, ვერ გეტყვი გუმანს მთლად ნუ გაიჩენ-მეთქი, ჩემი გამოცდილებით გეუბნები და უფრო სანდო ხერხსაც გირჩევ. მოიმარჯვე კულინარიული თერმომეტრი, ნაცადი ჩხირივით ჩაარჭვე გამომცხვარ მასაში და შეამოწმე, იდეალური შედეგისთვის შენმა ჯადოსნურმა ჯოხმა 92-96 გრადუსი უნდა გიჩვენოს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ვეებერთელა პასკების გამოცხობას ელი.
პ.ს.
მჯერა, ჩემს რჩევებს ყურად იღებ და სააღდგომოდ ლამაზ-ლამაზ, სურნელოვან პასკებსაც გამოამზიურებ.




