ნაყინის ბლოგი – თან გაგრილებს და თან გათბობს

აბა, წარმოიდგინე, თან ყინულივით გაგრილებს, თან გულში სითბოდ გეღვრება და ბავშვობის ყველაზე ტკბილ მოგონებებს გიღვიძებს…

მაგიტომაც მოგართვი სახლური ნაყინის რეცეპტი. მინდა, ის დრო გაგიცოცხლო, მაცივართან ჩამომჯდარი, გასაყინად გამწესებულ დესერტს გულის ფანცქალ-ფორიაქით რომ ელოდი ხოლმე, და თავის დროზე დიდის ამბითაც მიირთმევდი. აქვე ჩემებური ბრაუნიც მინდა გაგახსენო, სამეფო შოკოლადით უხვად დახუნძლული და ნამდვილი კარაქით შეზელილი, ხრაშუნა ორცხობილა. ზედ საამოდ გრილი, ტკბილი და ბამბის ქულასავით თეთრი ვანილის ნაყინიც  მოსკუპებული და ნიძლავსაც დაგიდებ ამ მომენტზე, ნერწყვი უსათუოდ მოგადგება.

ჰოდა, ერთი იოლი და სულზე უტკბესი რეცეპტი რომ არ გაგიზიარო, ღამე ვერც მე დავიძინებ ტკბილი ძილით. აბა, ყური დამიგდე:

 

ვანილის ნაყინისთვის დაგჭირდება:

  • 200 გრ. ნაღები (33-35%-იანი)
  • 100 გრ. შედედებული რძე
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

ქათქათა ნაღები მიქსერით საგულდაგულოდ ამოიყვანე, ბეჯითად ათქვიფე და კრემისსადარი მასაც მიიღე, მერე ვანილის ექსტრაქტთან ერთად, შესქელებული რძეც დაუმატე და ზრდილობისთვის, ცოტა კიდევ ათქვიფე,ოღონდ ისე, ნაღებს რძისგან გული რომ არ გაუწყალდეს და კოხტად ფაფუკი აღწერილობის დარჩეს. მთელი მასა ერთ განიერ ჭურჭელში მოათავსე, თანაბრად გადაანაწილე, საიმედოდ დაახურე და თავი 3-5 საათით საყინულეში უკარი (მაცივრის სიმძლავრის მიხედვით).  არ დაიზარო და ერთი რჩევაც იღე ყურად, დროდადრო შენს ძვირფას ნაყინს კოვზით ამოურიე ხოლმე, ეს იმიტომ, თანაბრად რომ გაიყინოს და დესერტით  მოგვრილი სიამოვნებაც ერთნაირად ჯადოსნური და დაუვიწყარი გახდეს.


პ.ს.

შენ გგონია, აქ გავჩერდები? არამც და არამც, გული როგორ გამიშვებს შოკოლადის ნაყინის მოყვარულებსაც რომ არ ვამცნო ჩემი ტკბილი რეცეპტი.

შოკოლადის ნაყინისთვის დაგჭირდება:

  • 80 გრ. შავი შოკოლადი
  • 300 გრ. ნაღები (33-35%-იანი)
  • 100 გრ. შედედებული რძე


სამეფო შოკოლადს შესაფერი ორთქლის აბაზანა მოუმზადე და საპატიოდ გაადნე.  გათქვეფილ ნაღებსა და შესქელებულ რძეს ოთახის ტემპერატურას შეჩვეული შოკოლადიც შეათქვიფე, ოღონდ ბევრი არც აქ მოგივიდეს. შემდეგ კარგად შეფუთე და საყინულეში 2-4 საათით (მაცივრის სიმძლავრის მიხედვით) მიაბრძანე!

გემრიელად მიირთვი!

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: