ფუმფულა და დაბრაწული ფანქეიქები

გაზაფხულს თუ მერცხალი ჰყავს მახარობლად, მე რომ მკითხო, ზაფხული თავს ნაირფერი კენკრით დახუნძლული გვაპარებს.  ჰოდა, ახალგაღვიძებულს თიბათვის მზე რომ შემოგეხვევა და მადასაც გვარიანად გამოგიღვიძებს, ზუსტად მაგ დროს უნდა მოიმარჯვო ჩემი რჩევა-დარიგებების დავთარი და კენკრით მორთულ-მოკაზმული ფანქეიქების მომზადებას შეუდგე. 

 

დიახ, ბატონო! ზუსტად იმ ფანქეიქების მომზადებას გასწავლი, მისი ხათრით სისხამ დილით ადგომასაც რომ არ დაზარდები. შენ ოღონდ რაც საჭიროა, მოიმარაგე

 

  • 2 ცალი კვერცხი 
  • 2 ჭიქა რძე 
  • 1/4 ჭიქა ზეთი 
  • 2 ჭიქა ფქვილი 
  • 1 ჩ.კ. მარილი 
  • 2 ს.კ. შაქარი 
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 1/4 ჩ.კ. ლიმნის მჟავა 
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

 

აბა, მზადებაშიც მომყევი 

 

  • რძე და კვერცხი ბეჯითად გადათქვიფე და დაამატე ზეთი
  • მშრალი ინგრედიენტები ერთად დააბინავე. ფქვილი, მარილი, სოდა, შაქარი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში კარგად გადაურიე 
  • მშრალი და თხევადი ინგრედიენტები კოვზით ისე დაამეგობრე , რომ ერთგვაროვანი მასაც მიიღო. ოღონდ ზედმეტი ლოლიავიც არ გინდა,  რაც მეტს გადაყვები მორევის ამბავს,  მით უფრო მეტად დაკარგავს ფანქეიქები ფუმფულა სტრუქტურას. 
  • ტაფა ცეცხლზე გაავარვარე. ფუნჯით თხლად წაუსვი  ზეთი, ზედმეტი ცხიმი კი სამზარეულოს ქაღალდით მოაცილე. ტაფაზე დაასხი 1 პორცია ცომი (მე რომ მკითხო, ფანქეიქის იდეალური ზომა 10-12 სმ დიამეტრია). ორი წუთი ადროვე, ოსტატურად გადააბრუნე და 1-2 წუთით კიდევ აცხვე. მერე თეფშზე გადმოაბრძანე, ნაირფერი კენკრით გულუხვად მორთე და მიირთვი სანამ თბილი და ფაფუკია. იმასაც გეტყვი,  თუ ბავშვობის ოცნებად ჰოლივუდური საუზმის მირთმევა გაქვს გულში, მაშინ კუბიკი კარაქიც დაუმატე და ზედ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფიც მოასხი.

 

აქვე ჩემებური ცხობის საიდუმლოებებსაც გაგანდობ 

 

  • რაც უფრო სქელია ტაფა, ფანქეიქიც მით უფრო შესაშური გამოგივა 
  • ხომ გინდა, შენი ფანქეიქი ოსტატურად დაბრაწული გამოვიდეს, მაშინ ტაფიდან ზედმეტი ცხიმი მოაშორე. ზედმეტი არც არაფერია კარგი და მითუმეტეს, ტაფაზე ცხიმი ფანქეიქის ცხობისას. 
  • გირჩევ ცომის  ყოველი დასხმის წინ, ცხელი ტაფა სამზარეულოს ქაღალდით მოასუფთაო

 

მე ჩემი გითხარი და შენ მხოლოდ ხელდახელ მომყევი, აბა, ნახე თუ ზუსტად ისეთი დესერტი არ გამოგივიდეს, ამერიკულ ფილმებში რომ გინახავს.

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: