ტორტის მორთვა ჩემებურად

ჩემი გემოვნების ტორტებზე რომ მიდგება საქმე, ხშირად ვამბობ, ჯერ თვალი სვამს, თვალი ჭამს და თვალიცვე ახრაშუნებს-მეთქი, ალბათ დამეთანხმები კიდეც.

აბა მოიგონე ნაირფერი ხილით, ფაფუკი კრემის ჩახუჭუჭებული ორნამენტებით, მარციპანის ფიგურებითა და რაც გინდა სულო და გულო, ტკბილეულობით მორთული ტორტები. ეგ კი არა, ცოცხალი ყვავილებითა და ნამდვილი სათამაშოებით შემკული ტორტებიც უსათუოდ გექნება შემჩნეული. ჰოდა ყველაფერი სწორედ იმისთვისაა, თითოეული სტუმარ-დამთვარიელებელი სასიამოვნოდ რომ გაოცდეს და აღფრთოვანდეს.

რომ მკითხო ვისი ხრიკია და საიდან მოდის მოჭიქული ორცხობილებით ტორტის მორთვა და გალამაზებაო, ვერ გიპასუხებ, მაგრამ ფაქტია ბოლო ხანებში განსაკუთრებულ ტრენდად ჩამოყალიბდა. იმის გარდა, რომ ლამაზი და გემრიელია, მე თუ მკითხავ, სიხრაშუნეებით გაცილებით მარტივად შეგიძლია ტორტი შენი ინტერესებით, შენს გემოზე შეამკო. ესეც რომ არა, პატარა ონავრების ამბავი ხომ იცი? ტორტსართავების შეხრამუნება პროფესია რომ იყოს, ბადალს ვერ დაუდებდი. 

ერთი სიტყვით, საქმე რომ გაგიადვილო რამდენიმე ტორტსართავის ნაკრები მოგიმზადე და აქვე მსურს მათი გამოყენების ჩემებური რჩევა-დარიგებებიც მოვაყოლო:

  1. პირველ რიგში გეტყვი, რომ ყველა ორცხობილა უკვე მზა-მზარეულია ტორტში ჩასამაგრებლად: თითოეულს აქვს ნახვრეტი და მოჰყვება შესაბამისი ბამბუკის ჩხირი
  2. მორთვის წინ მოჭიქული ორცხობილა ჩხირზე ფრთხილად ჩამოაცვი და მოათავსე ტორტზე;
  3. მათი ტორტზე მოთავსება ადვილი საქმე არ გეგონოს, ამასაც თავისი წესი აქვს, რაც კონდიტერებმა კარგად ვიცით. ამას მხოლოდ შენ გაგანდობ:

  • მთავარი პერსონაჟები მოათავსე ტორტის ცენტრალურ ადგილზე, თვალსაჩინო რომ იყოს;
  • ნაკრებში ასევე იპოვი დამატებითი ორცხობილებსაც, რომლებიც ვიზუალის უფრო გასამდიდრებლად შევქმენი.  ისინი უფრო მაღალ ჩხირებზე დაამაგრე, და ჩინებულად გაფორმებულ ფონსაც მიიღებ
  • შეეცადე ორცხობილები სხვადასხვა სიმაღლეზე ჩაამაგრო, რომ ტორტის ფონი სავსე და საინტერესო იყოს (სწორედ ამიტომ მოჰყვება ნაკრებს სხვადასხვა სიდიდის ჩხირები); 
  • თუ შენი პატარა იუბილარია, მაშინ ორცხობილისგან შექმნილი საიუბილეო ციფრი შეგიძლია ტორტის ტანზე, წინა ნაწილზევე მოათავსო  ან აგრეთვე ჩხირის საშუალებით ზემოდან ჩაამაგრო;
  • აუცილებლად გაითვალისწინე, რომ ტორტი გამასპინძლებამდე დიდი ხნით ადრე არ უნდა მორთო, რადგან ორცხობილები დაინესტება და შესაფერ სიხრაშუნესაც დაკარგავს.

 

ჩემი რჩევებით ხომ უხვად მოგამარაგე? ახლა შენ მითხარი, რომელ გმირებს იხილავდი ჩემს ლამაზ ტორტსართავებზე, კომენტარებში გელი <3 

 

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: