გოგრა რომ ბარაქიანი მოსავლისა თუ ნაყოფიერების სიმბოლოა, ჩემგან არ გესწავლება. ჰოდა, ამიტომაც გადავწყვიტე გოგრის დესერტის გემრიელი და მარტივი რეცეპტი გაგანდო.
გოგრისგან სხვადასხვაგვარ დესერტებს აცხობენ. მაგალითად, ამერიკელები მადლიერების დღის აღსანიშნად კლასიკურ გოგრის ღვეზელს ამზადებენ (pumpkin pie). თუმცა, დღეს გოგრის დესერტს ჩემებური იმპროვიზაციით შემოგთავაზებ.
დესერტისთვის დაგჭირდება:
ცომი:
- 490 გრ (4 ჭიქა) ფქვილი
- 250 გრ გაყინული კარაქი
- 300 გრ შაქარი
- 100 გრ მაწონი
- 50 გრ ფორთოხლის წვენი
- 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
- 2 ცალი (115-120 გრ) კვერცხი
- ნახ. ჩ.კ. სოდა
- 1/4 ჩ.კ. ლიმნის მჟავა
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- მწიკვი ვანილინი
შიგთავსი:
- 1 კგ წვრილად გახეხილი გოგრა
- 130 გრ შაქარი
- 130 გრ ფქვილი
- 1 ფორთოხლის ცედრა
- მწიკვი ვანილინი
- საცხობი ფორმა: Ø22-23 სმ x2
- ცხობის რეჟიმი: 160 ºC
- ცხობის დრო: 45-50 წთ
- ფქვილს დაახეხე გაყინული კარაქი, ხელით კარგად დასრისე, ისე რომ ერთმანეთში გვარიანად გადაერიოს.
- დაამატე შაქარი, ვანილინი და 1 ფორთოხლის ცედრა. შემდეგ კიდევ კარგად გადაურიე.
- ცალკე გაამზადე 100 გრ მაწონი და 50 გრ ფორთოხლის წვენი, დაუმატე სოდა და ლიმნის მჟავა, 2 ცალი კვერცხი და მარილი, კარგად მოურიე და მშრალ მასას დაასხი.
- შერწყმული მასით მოზილე ცომი, ჰერმეტულად შეფუთე და საყინულეში 2 საათით დააყოვნე.

- გარეცხილი გოგრა დაჭერი, არ დაიზარო და წვრილ სახეხზე გახეხე.
- დაამატე 1 ფორთოხლის ცედრა, 130 გრ შაქარი,130 გრ ფქვილი და ვანილინი. კარგად აურიე ერთმანეთში.
- საცხობ ფორმაში მოათავზე ქაღალდი, ფორმის ძირზეც და გვერდებზეც, ან წაუსვი კარაქი და მოაყარე ფქვილი.
- ცომის 3/4 ფქვილიანი ხელით ისე გაანაწილე რომ ფორმის გვერდებზეც 3 სმ-ით ამოვიდეს.
- შემდეგ ცომზე თანაბრად გაანაწილე მომზადებული გოგრის შიგთავსი.
- დარჩენილი ცომით სურვილისამებრ გააფორმე ზედაპირი, ფორმირებისას დაიხმარე ფქვილი.
- გამოაცხე წინასწარ 160 ºC -ზე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში, ან ზედაპირის დაბრაწვამდე.
მოცემული მასით 2 გვარიანი ზომის 22-23 სმ დიამეტრის ღვეზელი გამოგივა!
P.S.: თუ სიმსუნაგე არ გძლევს, გემოების დასამეგობრებლად უმჯობესია კარგად გააგრილო და მირთმევამდე ჰერმეტულად შეფუთულ მდგომარეობაში მაცივარში 8 საათით შეინახო.

მე ჩემი გითხარი და შენ მხოლოდ ხელდახელ მომყევი, აბა, ნახე უგემრიელესი დესერტი თუ არ გამოგივიდეს!



