ვაშლის ღვეზელის რეცეპტი

ხომ იცი, როგორ მიყვარს ჯანსაღი გემრიელობების საკონდიტრო შედევრებად გადაქცევა. ჰოდა, დღეს გადავწყვიტე ჩემი სამზარეულო ვაშლის ღვეზელის არომატით გავაჯერო და გზად შენც გასწავლო მისი ცხობა და პატარ-პატარა საიდუმლოებებიც მოგიყვე.

აბა, მზად ხარ?

ღვეზელისთვის დაგჭირდება:

  • 3 ცალი კვერცხი (180 გ)
  • 200 გ შაქარი (ჩემი რეკომენდაციით 170გ)
  • 150 გ არაჟანი
  • 80 გ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი ან მწიკვი ვანილინი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ც ლიმნის ცედრა (სურვილის მიხედვით)
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი (სურვილის მიხედვით)
  • 250 გ ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 4 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (კუბიკებად დაჭრილი)
  • 2-3 ცალი საშუალო ზომის წითელი ვაშლი (გასაფორმებლად)
  • 2 ს.კ. ყავისფერი (ლერწმის) შაქარი ან ჩვეულებრიბი შაქარი (ზევიდან მოსაყრელად)
  • საცხობი ფორმა: Ø20-22 სმ
  • ცხობის რეჟიმი: 170-180 ºC
  • ცხობის დრო: 60 -75 წთ

 

  1. საცხობ ფორმას ძირზე და კედლებზე წაუსვი კარაქი და მოაყარე ფქვილი;
  2. ვაშლი საგულდაგულოდ გაფცქვენი და კუბიკებად დაჭერი. აქვე ერთ საიდუმლო ხრიკს გასწავლი – დაჭრილმა ვაშლმა ფერი რომ არ იცვალოს, ცოცხალი ლიმნის წვენი მოასხურე, ან უბრალოდ ჰერმეტულად დაცულ კონტეინერში მოათავსე;
  3. კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე მიქსერით ათქვიფე (5-7 წთ). დაამატე მარილი, ვანილის ექსტრაქტი, სურვილისამებრ – ლიმნის ცედრა და დარიჩინი;
  4. ღრმა ჭურჭელში არაჟანი და ზეთი ერთმანეთში კარგად აურიე და კოვზით ფრთხილად შეურიე კვერცხის მასაში;
  5. აუჩქარებლად, სამ ეტაპად დაამატე ფქვილი და გამაფხვიერებელი (ერთად გაცრილი). როგორც კი მიიღებ ერთგვაროვან ცომს, დიდ ხანს არ დააყოვნო, დაამატე წინასწარ მომზადებული ვაშლის კუბიკები – კარგად ამოურიე, რომ კუბიკები მასაში თანაბრად განაწილდეს. ცომი საცხობის ფორმაში მოათავსე;
  6. წითელი ვაშლები შუაზე გადაჭერი, ამოუღე გული და რაც შეიძლება თხლად ნახევმთვარეებად დაჭერი – თუ გაქვს სპეციალური საჭრელი, ამ საქმეს გვარიანად გაგიმარტივებს;
  7. ამგვარად გადახვალ ყველაზე სასიამოვნო და სახალისო – მორთვის ეტაპზე! ნაპირებიდან დაიწყე ვაშლის ნაჭრების თანმიმდევრულად ჩამაგრება, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები (ისე რომ ვაშლის 1/3 ცომით დაიფაროს). ბოლოს მოაყარე ყავისფერი შაქარი და წინასწარ გახურებულ ღუმელში შეაბრძანე.

გაითვალისწინე, რომ თუ შენი ღუმელი სულსწრაფია და ღვეზელის ზედაპირი მალე დაუბრაწა, თვზე საცხობი ქაღალდი გადააფარე. ღვეზელის მზაობას მასში ჯოხის ჩარჭობით გამოარკვევ.

 

P.S. ხომ იცი, ყველაფრის მორთვა და ჩემებურად გახალისება მჩვევია. თუ საკმარისი დრო არ გექნება, შეგიძლია ღვეზელი მორთვის გარეშე გამოაცხო, მხოლოდ ზედაპირზე ყავისფერი შაქრის მოყრა არ დაივიწყო.

P.S.S. გაითვალისწინე, რომ საცხობი ფორმა რაც უფრო დიდი ზომის იქნება, მით უფრო დაბალი გამოვა ჩვენი ღვეზელი – სამაგიეროდ, ცხობას ნაკლები დრო დასჭირდება.

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: