ჩემებური ჰელოუინი, ანუ ტკბილეულის დღესასწაული

იმთავითვე, მოსავლიანი შემოდგომა და უდარდელი ზამთრისთვის სურსათ-სანოვაგის მომარაგება რომ ეხალისებოდათ, ზუსტად მაგიტომაც იქცა ტრადიციად დოვლათ-ბარაქის აღნიშვნა. არც ბოროტი სულების ეშინოდა ვინმეს და არც რაიმე აუგი თვალის დადგომის. 

ჰოდა, ამბავიც ასე დაიწყო და მოგვიანებით,  ყოველი წლის 31 ოქტომბერს ჰელოუინის ზეიმიც ასე დაითქვა! რა წამს ეს მესმის, მეც იქვე საშიშად მოხატული ორცხობილები, დესერტები, ცეკვა-თამაში, სიმღერა და ტაშ-ფანდური წარმომიდგება თვალწინ. ნაირ-ნაირ კოსტიუმებსა თუ გაფორმებებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ყველაფერთან ერთად ფანტაზიის დიდი ზეიმიცაა.  ერთი სიტყვით, რა გინდა გულო, რომ არ გაგახალისოს, თუმცა მთავარი მაინც ტკბილეულია!

 

აქვე კარგად მოგიყვები რა და როგორ:

 

  • სანამ სასაცილოდ დაღრეჯილი მანათობელი გოგრების შეგეშინდება, გეტყვი, რომ ოქტომბრის ბოლოს სწორედ გოგრის მოსავლის აღების დროა. ბოსტნეული რომ ბარაქიანი მოსავლისა თუ ნაყოფიერების სიმბოლოა მაგას რაღა თქმა უნდა და თავიდანვე კი მოგიყევი როგორც დაიწყო ყველაფერი

 

  • სეირი თუ ხეირი-ო!  ვაი მისი ბრალი, ვისაც სახლში ტკბილეული ან გულისმოსაგები პატარა სათამაშო მაინც არ აქვს გადანახული. ბოროტი სულების არა, მაგრამ აი, საჰელოუინოდ გამოწყობილი მსუნაგი ტარტაროზების კი ნამდვილად უნდა გეშინოდეს. მაგიტომაც გიცხობ და გიხატავ  ჩემს საშიშად ლამაზსა თუ გემრიელ სიხრაშუნე-დესერტებს.

 

  • მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ რაც უფრო საშიშად და რეალისტურად გამოეწყობი, ბოროტ სულებსაც მით უფრო მოიგერიებ. მოსართავ-დეკორაციებზე ჩხირკედელაობას თუ მიჰყობ ხელს გირჩევ, ნარინჯისფერი, შავი და მეწამული ფერი უხვად გამოიყენო. 

 

  • ერთი სიტყვით, შენ მშვიდად იყავი. სულ რომ არაფერი, ჩემგან სანაქებოდ მორთულ-მოკაზმული, საჰელოუინო ნუგბარი არ მოგაკლდება.  ვერც ბოროტი სული მოგეკარება საიდანმე და რაც მთავარია, გემრიელი დესერტებით პატარა მსუნაგებსაც გაუხარებ გულს.

 

პ.ს.

 

აქვე რომ არ გკითხო, როგორ აპირებ ჰელოუინისთვის გამოწყობას, მთელი დღე რა მომასვენებს? ამიტომაც, ვინც არ უნდა იყო, კომენტარებში გელი!

 

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: