რაღა დარჩა? მალე სასწავლო ციებ-ცხელებაც დაიწყება და ყოველი დილაც “ჩაალაგე, გაემზადეს” ძახილით დაიწყება.
დღეს მინდა მეტად მნშვნელოვან საკითხზე ჩემებური რჩევები მოგცე და სექტემბრის ორომტრიალისთვის შესაფერად მოგამზადო.
გაკვეთილებისთვის გამოწკეპილ პატარას სიხარულით რომ გაამგზავრებ სკოლაში და წინასწარ დავალებებსაც სხაპასხუპით ჩაიბარებ, მეტი დარდი რომ აღარ გქონდეს კოპწია ლანჩბოქსიც მოამზადე და თან გააყოლე.
სწორედ საუკეთესო ლანჩბოქსის მომზადებაზე მინდა გელაპარაკო და რამდენიმე წეს-დარიგებაც გაგიზიარო.
- ხომ გაგიგია, თვალი სვამს და თვალი ჭამსო, ჰოდა პატარა ონავარიც ჯერ ლანჩბოქსის გარეგნობით უნდა მოხიბლო
- გახსოვდეს, ყუთი ჰერმეტულად უნდა იხურებოდეს და ბავშვისთვის გასახსნელადაც მარტივი საქმე იყოს
- პროდუქტს მძაფრი სუნი რომ არ უნდა ქონდეს, ალბათ თავადაც მიხვდებოდი
- გემრიელობების მომზადება რომ არ გაგიჭირდება, კი ვიცი, მაგრამ გაითვალისწინე, რომ ცივ მდგომარეობაშიც მადისაღმძვრელი იყოს
- საკვების პაკეტებში მოთავსების მაგიერ, გირჩევ ფოლგა გამოიყენო
- სველ ხელსახოცებზე ზრუნვაც არ დაივიწყო
- მთავარი და უმთავრესია, ბოთლით სასმელიც გაატანო შენს პატარას. თუ საწრუპიან ჭურჭელს შეარჩევ ხომ მთლად უკეთესი!
მოდი უფრო დავწვრილმანდები და ლანჩბოქსისთვის კონკრეტულ საკვებზე მოგიყვები:
- ხილი
მე რომ მკითხო, ყველაზე კომფორტული ხილი ამ შემთხვევაში ბანანია, თუმცა სალანჩბოქსე ხილთა შორის ვაშლიც მოწინავე ადგილზეა. უბრალოდ, ფერი რომ არ შეიცვალოს, შუაზე გაჭერი, მერე ისევ შეაერთე და ფოლგაში შეახვიე
- სენდვიჩები
შენს მხიარულ წარმოსახვას მოუხმე, წარმოიდგინე, რა გაუხარდება შენს პატარას და გემრიელი სენდვიჩებიც ასე მოამზადე. სხვათშორის სასენდვიჩე მასალად პურის გარდა შეგიძლია ფანქეიქებიც გამოიყენო – იხილე ჩვენი ფუმფულა ფანქეიქების რეცეპტი (ბმული).
- თხილეული და ჩირეული
აქტიური გონებრივი დატვირთვის დროს მსგავსი პროდუქტის მირთმევა ხომ მისწრებაა პატარა მოსწავლისთვის. მერწმუნე, თხილს, ნუშს, ნიგოზსა თუ ყველანაირ ჩირეულს სიხარულით შეახრამუნებს.
- დესერტი
რჩევა-დარიგებებით რომ გავსებ, არც ჩემს ნოყიერ სიხრაშუნეებს მოგაკლებ. ეგ კი არა, შეგიძლია თავადაც მოუმზადო პატარებს ხაჭოს ორცხობილები (ბმული).
- სასმელი
ალბათ შენც იცი და არც მე გირჩევ გასაყოლებლად დასალევ იოგურტს, რადგან ამ პროდუქტს ცივი შენახვა სჭირდება. უმჯობესია ჩვეულებრივი წყალი გაატანო პატარას.
მგონი, უკვე ყველაფერი გითხარი. მე კი ერთი სული მაქვს, კომენტარებში შენი ლანჩბოქსის ამბავი შევიტყო და შენებური რჩევებიც მივიღო




