ხაჭოს საბავშვო ორხობილების რეცეპტი

საბავშვო ორცხობილების რეცეპტს რომ დაგპირდი, ხომ გახსოვს? ჰოდა ის დროა, ჩემი სიტყვა შევასრულო და ერთობ გემრიელი სასარგებლო სიხრაშუნეების მომზადება გასწავლო. აი, ისეთის გარედან რომ ხრაშუნობს, გულში სიფაფუკით გხვდება და უწყინარი სიტკბოებით გახალისებს. 

 

სანამ ხელებს აიკაპიწებ და ცხობის ფერხულში ჩაებმები, ცომის გამოსაჭრელი, მხიარული ფორმები მოიმარაგე და სამზარეულოში შენს პატარა ონავარსაც მოუხმე. ისეთი ცომის მომზადებას გასწავლი, არც გაბრტყელებაზე გაგიძალიანდება და არც სასურველი ფორმის მიღებაზე დაიწუწუნებს. 

 

მოდი, სიტყვას აღარ დავიგრძელებ და  ცხობის საქმეზე ნაბიჯ-ნაბიჯ მოგახსენებ:

 

დასაწყისისთვის 350 გრამი ცინცხალი მშრალი ხაჭო და 1 კვერცხი ერთმანეთს შეურიე. ცალკე ჭურჭელში ერთად ათქვიფე 100 გრამი კარაქი და ამდენივე შაქარი მერე კი გააერთიანე ეს ორი მასა. 

 

ჯადოსნურ მიქსტურას 2 ჭიქა ფქვილი და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი დაუმატე, 3 ეტაპად. გახსოვდეს, იმ სიმკვრივის ცომი უნდა მიიღო,  შენი ფანტაზიის ზეიმში სიხარულით რომ  წამოგყვება.  კარგი იქნება თუ ჯადოსნურ ცომს 1 საათით მაცივარში სულსაც მოათქმევინებ და შეგრილებულს დაახლოებით 7 მმ სისქეზე ფქვილის დახმარებით გააბრტყელებ. აქედან კი შეგიძლია სამზარეულოს ბურთიცა და მოედანიც პატარას გადაულოცო, მომავალი ორცხობილები მხიარული ფორმებით რომ გაახალისებინო.

მსუნაგი მცხობელის ცომად ქცეული პატარ-პატარა იდეები საცხობ სინზე მოათავსე (საცხობი ქაღალდი არ დაივიწყო), მანამდე კი  ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსამდე გაახურე და გავარვარებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში აცხვე. ცოტაც მოიცა, მალე ოქროსფრად მობრაწულსა და ნოტიო შიგთავსით გულგამთბარ ორცხობილებსაც ჩაიბარებ.

 

ნაირფერი სიხრაშუნეებისთვის ერთ რჩევასაც გისახსოვრებ, თუ ცომს წვრილად დაჭრილ ჩირეულობასაც (30-30 გრამ გარგარისა და შავი ქლიავის ჩირს) დაუმატებ, გემოს კიდევ უფრო გაახალისებ. ჰო, ოღონდ გირჩევ მანამდე გამომშრალი ხილი სულ ცოტა ხნით მდუღარე წყალში მოათავსო და ოდნავ შეარბილო. ისიც შეგიძლია, კარაქის ნახევარი წილი (50 გრამი) ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლო.

 

 

 

 

რა დაგჭირდება? 

  • 350 გრ. ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ. რბილი კარაქი / 50 გრ. კარაქი და 50 გრ. ზეითუნის ზეთი
  • 100 გრ. შაქარი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

 

 

საუზმესა თუ სამხარზე პატარებთან ერთად ჯანსაღი ნუგბარით ნებივრობისთვის უკვე ბევრიც გელაპარაკე და ჩემებური რჩევა-მითითებებიც არ დაგაკელი.

აწი შენ იცი და შენმა წინსაფარმა.

 

ისიც მაცნობე, თუ ეს თემა შენთვის საინტერესოა და შემდეგში ჰიპოალერგენული ორცხობილების რეცეპტსაც სიხარულით გაგიზიარებ.

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: