ბავშვებისთვის სასარგებლო სიხრაშუნეებიო?!

სულ რომ ცეკვა-თამაშით გიყვები ჩემს ამბავს, ხომ შემამჩნიე? ჰოდა, იოლად რომ გითხრა,  ეს სიტკბო და სიხრაშუნეები გუნება-განწყობილებაში გადამივიდა. მე რომ ასე  ვარ, აბა, ჩემებური ნუგბარით პირჩატკბარუნებული  პატარების მხიარულებაც წარმოიდგინე…

შენი არ ვიცი და, მე კი გული ვერ გამიწევს პატარა მსუნაგს ხრაშუნა სასუსნავზე უარი ვუთხრა… ამასთანავე სასარგებლოც რომაა და B და PP ჯგუფის ვიტამინებით სავსე ეგეც რომ ვიცი… ხუმრობა იქით იყოს და, კალიუმით, ფოსფორით, რკინითა თუ ორგანული მჟავებით სავსე ორცხობილებზე, მართალს გეუბნები.

ეჭვი არ შეგეპაროს, გამოცდილი ექიმიც კი  დაგიდასტურებს პატარებისთვის, ექვსი თვიდან, ხრაშუნა ტკბილეულის მირთმევის ამბავს. მხოლოდ ის კი იცოდე, ორცხობილები სპეციალურად ჩვილებისთვის უნდა იყოს დამზადებული  ან აფთიაქში შეძენილი.  ჩემგან არ გესწავლება, პატარები თვალსა და ხელს შუა რომ იზრდებიან. არ მოერიდო მათი კვების რაციონის გამრავალფეროვნებას და სასარგებლო ინგრედიენტებისგან დამზადებული სიხრაშუნეებით გახალისებას.

არ გეგონოს სათქმელს მოვრჩი, ჩემებურ ჭკუა-დარიგებებს ორცხობილების თაობაზე, ახლაღა ვიწყებ. კიდევ მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი და ყური დამიგდე.

მაღაზიის დახლები რომ სავსეა ორცხობილების ფერად-ფერადი შეფუთვებითა თუ მხიარული ნახატებით, თვალმა არ მოგატყუოს და მცენარეული ცხიმით დამზადებული არ შემოგრჩეს ხელში. სწორედ ე.წ. პალმის ზეთის გამოა, მაღალ ტემპერატურაზე ცხობისას კანცეროგენები რომ წარმოიქმნება.  ეგეც რომ არა, ზოგიერთი კომპანია, ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად ქიმიური დანამატებითა და კონსერვანტებითაც კი ავსებს ტკბილეულს. ასეთ სიხრაშუნეებს არც მე მივესალმები და არც შენ გირჩევ! ვიცი, პატარებისთვის შენც ჩემსავით მხოლოდ საუკეთესო გემეტება.

დამიჯერე და გახსოვდეს, სანამ ბავშვისთვის სასუსნავით გულის გახარებას გადაწყვეტ, ეტიკეტზე მოცემული შემადგენლობა ანბანივით გაიზეპირე. მხოლოდ ჯანსაღი ინგრედიენტებისგან მომზადებული ტკბილეული შეარჩიე, ან სულაც თავად გამოაცხვე.

გირჩევ ბურღულეული (შვრიის, ჭვავის ან ცეხვილი ხორბლის ფქვილი) გამოიყენო. გემოს მხიარულებისთვის  ჩირეული და თხილეულიც არ დაიშურო, ასე ნუგბარის სიკეთეები კიდევ უფრო გაიზრდება. ცხიმის სახით კი მხოლოდ  ნატურალური კარაქი, ან ზეითუნის ზეთი მოიხმარე.

ჰო, და ესეც იცოდე, ყოველთვის როცა პატარებისთვის სიხრაშუნის ზეიმის მოწყობას გადაწყვეტ, გახსოვდეს, რომ ზომიერება გმართებს. ხომ იცი,  ორცხობილაში მთავარი ინგრედიენტები შაქარი და ცხიმია.

P.S.:  ჩემი რჩევების ორომტრიალი ჯერ არ დამიმთავრებია, შემდეგ ბლოგში ბავშვებისთვის სასარგებლო ორცხობილების რეცეპტს მოგართმევ.

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: