ხილის დიდ ხანს შენახვის 5 საიდუმლო

დღეს ისეთ ამბებს გაგიზიარებ, დრო რომ მოვა სუხარულით გამიხსენებ. გადავწყვიტე, შენი საყვარელი ხილის სწორად შენახვა და მოფრთხილება გასწავლო. 

პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ თითოეულ ხილს თავისებური მოვლა-პატრონობა სჭირდება და მერე ჩემს რჩევა-დაკვირვებებსაც გაგიზიარებ.

თუ აქამდე არ გსმენია გეტყვი, ხილის ისეთი სახეობებიც არსებობენ მოწყვეტის შემდეგაც რომ აგრძელებენ დამწიფებას და კიდევ უფრო ტკბებიან და იშაქრებიან. აი, ჩამოგითვლი კიდეც: ბანანი, მანგო, ავოკადო… მარტივად რომ გითხრა,  თუ ზედმეტ ტკბილს ერიდები, აწი იცოდე, რაც უფრო მწვანეა ბანანი, ეს ნიშნავს რომ სიმწიფე აკლია და მასში შაქრის შემცველობაც უფრო ნაკლებია. 

ჩაციებულ ხილზე მისწრება და უკეთესი რა უნდა იყოს, თუმცა როცა საქმე ტროპიკულ ხილზე (ბანანი, ბროწეული, მანგო, ნესვი, ანანასი, ქოქოსი, გრეიფრუტი, პაპაია, საზამთრო) მიდგება, დიდად სიცივის მოყვარულები არიან-მეთქი ვერ დაგიმოწმებ. ამიტომაც სჯობს ოთახის ტემპერატურაზე დააბინავო და მირთმევის წინ საამოდ გააგრილო.

ჩაციებაზე უარს არც ფერადი კენკრა გეტყვის და ვაშლი, მსხალი თუ ფორთოხალიც სიხარულით გამოგყვებიან. შეგიძლია ყველას ერთად მოუყარო თავი და მაცივარში საპატიოდ შექმნილ სათავსოშიც გაამწესო. 

აქვე 5 საიდუმლო რჩევასაც გაგიზიარებ, ხილის შენახვისთვის:

 

  1. მაცივარში დაბინავებამდე, ხილი შესაბამის ქაღალდში გაახვიე. ასე ზედმეტ სინოტივეს ქაღალდს გადასცემს და ლპობის პროცესიც გვიან დაიწყება.
  2. თუ ნაირფერი კენკრის, ჟოლოს და მარწყვის შენახვას მოისურვებ, აქაც ზემოხსენებული ქაღალდი დაგეხმარება. შენ მხოლოდ დაბალ კონტეინერში ჩააფინე, ზედ ერთ ფენად გაშალე შენი საყვარელი ხილი, მერე ისევ ქაღალდი გადააფარე და კონტეინერიც ჰერმეტულად ჩაკეტე.
  3. შენთვის არც გაყინული კენკრის შესახებ დავიშურებ რჩევებს.  როგორც მეორე რჩევაში გითხარი იმ მითითებებს მიჰყევი მერე კი საყინულეში 2-3 საათით მოაყუჩე. ბოლოს კი, გაყინული ნაყოფი სათითაოდ მოათავსე ვაკუუმის პარკში და ისე შეინახე. ასე არც ვიტამინებს დაკარგავს, არც ფორმას და ფერიც შესაშური დარჩება.
  4. შენი ინტერესიანობის ამბავი რომ ვიცი, ქიმიის მასწავლებლობასაც დამაწყებინებ. ჰოდა არც მე ვიუარებ და კიდევ სიბრძნეს გისახსოვრებ. იცოდი რომ მომწიფებისას ზოგიერთი ხილი უხვად გამოჰყოფს ეთილენის ბუნებრივ აირს? სწორედ მაგ მიზეზით ამგვარი ხილის მკვახე ხილთან მოთავსებით დამწიფების პროცესიც ჩქარდება.  მაგრამ დაუკრეფავშიც არ გადახვიდე, თორემ ფუჭებასაც მალე დაიწყებს. ამიტომაც დამიჯერე  ეთილენის მაღალი შემცველობის მქონე ხილი: ვაშლი, მსხალი, ყველა კურკიანი ხილი და ბანანი სხვა ხილისგან შორს დაიჭირე.
  5. ახლა მინდა ჩემი მთავარი საიდუმლოც გაგიმხილო: არავინ გაგიწყრეს და გაყინვის წინ ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მარწყვი ან მოცვი წყალს არ მიაკარო. წინააღმდეგ შემთხვევაში გალღობისას შელახულ, რბილსა და უგემურ ხილს მიიღებ.

 

რჩევებში უპირობოთ მომენდე და თუ რაიმე კითხვა გულში ხინჭად მოგაწვეს, არც ეგ დამიმალო, კომენტარებში დაგელოდები.

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: